logo
ENG



"მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა" - რატომ ვერ იცრებიან ასტრაზენეკათი მოქალაქეები

22 ივნ 202112:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/22/fxwb7jtn7qrlx7h.jpg

მეორე დღეა ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.

მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის ვიზიტი დაჯავშნილი ჰქონდათ, შეტყობინება მიუვიდათ, რომ ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო მათი ჯავშანი გადავადებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის მესამე პარტია მაისის შუა რიცხვებში უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. ის ვერ ასახელებს, კონკრეტულად როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი დოზები.

"მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ეს ვადა გადავიდა ჯერ ივნისის დასაწყისზე, შემდეგ დაგვიდასტურეს, რომ მოწოდება იქნებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა და ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4000-5000 ვაქცინის დეფიციტი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ის ამბობს, რომ UNICEF-თან ზუსტდება, თუ როდის შემოვა მესამე პარტია საქართველოში.

ამასთან NCDC-ის ინიციატივით, იმ პირებს, რომლებიც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ რეგისტრირებულები, შესაძლოა ალტერნატიული ვარიანტი - სინოფარმით ან სინოვაკით ვაქცინაცია შესთავაზონ. 

"ალტერნატივა შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი და თუ მათ სურვილი ექნებათ, შეიძლება მათ შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა",- განაცხადა გამყრელიძემ.

მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზე, რომ კლინიკებში საკითხთან დაკავშირებით საკმარისად ინფორმირებული არ არიან და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ამისამართებენ, იქ კი არავინ პასუხობს.

"დღეს ვიყავით დაბარებული და ვერ აგცრითო, ხელახლა დარეგისტრირდითო. თქვენ არ გაქვთ ვაქცინა შემოტანილი და იმის ბრალია ეს-მეთქი და მიპასუხა, მე არ ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკეთო და ცხელ ხაზზე კიდევ არ პასუხობენ. ვერაფერს ვერ მეუბნებიან", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

"ჯავშანს იღებს, მაშინ ნუ იღებს ჯავშანს. რაში ვხარჯავ დროს, ფულს? ამ საცობში მომყავს 90 წლის კაცი. პირველად რომ ვიყავი მითხრეს 28 დღეში შეტყობინება აღარ მოგივათ, თქვენ თვითონ უნდა დარეგისტრირდეთო. დავრეგისტრირდით, გავიდა 28 დღეც და მეტიც"

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს, მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, უწყებამ საკითხის შესწავლა დაიწყო და შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

"დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისის თვიდან დავიწყებთ, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები კიდევ განმეორდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 22 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 238 220 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 84 756 ადამიანი. World data-ს 20 ივნისის მონაცებით, საქართველოში სრულად მოსახლეობის 2.06%-ია აცრილი მაშინ, როდესაც მთავრობის გეგმა 60%-ის აცრაა წლის ბოლომდე.


close დახურვა